განათლება

მაჰმადიანი მესხები ისტორიულ სამშობლოში

 14087665_10210364605819639_1410929092_o

სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში, მე-9 უბანი გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა. ამ უბნის მოსახლეობას მაჰმადიანი ქართველები წარმოადგენენ. ეს ის ქართველებია, რომელთაც საზოგადოების უმეტესი ნაწილი, სამწუხაროდ,  ,,თურქი მესხების’’ სახელით მოიხსენიებს და არც კი იციან, რომ ისინიც ისეთივე ქართველები არიან, როგორც თითოეული ჩვენგანი.

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კავშირი ,,ბერილუსის“ თანამშრომლობით მიმდინარე საქმიანობის ფარგლებში, მე ძალიან ხშირად დავდივარ ზემო აღნიშნულ დასახლებაში, იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ამიტომაც გადავწყვიტე მათი ტრაგიკული წარსული და დღევანდელი დღე აღმეწერა და ამით ჩემი წვლილი შემეტანა საზოგადოების სწორად ინფორმირების საქმეში, რადგან ბევრმა ქართველმა არც კი იცის ვინ არიან მესხები და რატომ უნდათ მათ საქართველოში ცხოვრება.14087648_10210364605299626_807782144_o

  მაინც ვინ არიან მაჰმადიანი მესხები? საიდან მოდიან, რა გზა გაიარეს და რატომ და როგორ ცხოვრობენ ისინი დღეს იანეთში? აი, ის საკითხები, რომლებზედაც ყურადღებას გავამახვილებ და რომლითაც შევეცდები, რომ ოდნავ მაინც დავაკმაყოფილო საზოგადოების ინტერესი ამ საკითხის ირგვლივ.

   საკითხი, რომ უფრო ნათელი და გასაგები გავხადო, დავიწყებ მოკლე ისტორიული მიმოხილვით:

საოცარი, დრამატიზმითა და გმირობით აღსავსე ისტორიული ბედი ერგო მესხეთსა და მესხებს. მთელი ისტორიის მანძილზე იგი აქტიურ და ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობდა საერთო ქართულ პოლიტიკაში. სწორედ აქ დაირწა პირველი ქართული სახელმწიფოებრიობის აკვანი. საქართველოს სამხრეთ კარიბჭესთან მომდგარ მტერს სწორედ მესხნი ერკინებოდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ ქართველ მეფეთა ლაშქარშიც მესხნი ყოველთვის მეწინავენი იყვნენ. სპარსელთა გაუთავებელმა ლაშქრობებმა და შემდგომში არაბთა გამოჩენამ ქართული სახელმწიფოს ყველა კუთხეს ძლიერი დარტყმა მიაყენა. ქვეყანა დაქუცმაცდა და ეკონომიკა დაინგრა. ხანძთელის მოღვაწეობამ აღადგინა მესხეთის ძლიერება, თუმცა განსაცდელმა  გაერთიანებული სამეფოს ფარგლებში კვლავ იჩინა თავი ბიზანტიის იმპერიასთან გამუდმებული ქიშპის გამო. ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ (XV საუკუნე), მესხეთის გამაჰმადიანების ნელი და შეუქცევადი პროცესი დაიწყო. რღვევა  დაიწყო ქართულმა სოციალ – პოლიტიკურმა წყობამ და გავრცელდა ისლამი. თანდათან კარგავდა თავის ფუნქციას ქართული ენაც და მის ადგილს თურქული იკავებდა. ძალისმიერად იცვლებოდა სარწმუნოებაც _ ქრისტიანობას მაჰმადიანობა ენაცვლებოდა. სარწმუნოების, სახელისა და გვარის შეცვლა მოსახლეობისათვის სოციალური იმუნიტეტის გარანტი გახდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ცარისტული რუსეთის პოლიტიკამ უფრო დაამძიმა გამაჰმადიანებულ მესხთა ყოფა, რადგან დაქუცმაცებულ საქართველოში ერთმანეთთან გაუცხოებული მოსახელობის არსებობა მათ ინტერესებში შე14081162_10210364606259650_424327222_nდიოდა. მესხთა დრამატული ისტორია საბჭოთა კავშირის პირობებში საოცარი ტრაგიზმით დაგვირგვინდა. მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საბჭოთა ხელისუფლებას ეჭვები ღრღნიდა – შიშობდა, რომ თურქეთთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში მესხი მაჰმადიანები არასაიმედონი იქნებოდნენ. 1944 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლავრენტი ბერიამ სტალინს მოსთხოვა სამხრეთ საქართველოდან მაჰმადიანი მოსახლეობის გასახლება ,,საქართველოში სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაუმჯობესების მიზნით”. იმავე წლის 14-დან 15 ნოემბრის ღამით, 1944 წლის 31 ივლისის #62–79 დადგენილებით და იმავე წლის 20 სექტემბრის სსრკ შსს #00117 ბრძანების საფუძველზე, შპიონაჟისა და ძირგამომთხრელი საქმიანობის ბრალდებით, 220 სოფელი – 100 000-მდე კაცი გადაასახლეს. 1956 წლის 28 აპრილის დადგენილებით, გადასახლებულებს მოეხსნათ სპეცგადასახლებულის სტატუსი, თუმცა საქართველოში დაბრუნების უფლების გარეშე. ამ დადგენილებით ისარგებლა შუა აზიაში გადასახლებულ მესხთა ნაწილმა და სამშობლოსთან ახლოს აზერბაიჯანში გადმოსახლდა. 1979 წლის 4 აპრილს გამოქვეყნდა დოკუმენტი დეპორტირებული მესხების საქართველოშო ჩასახლების უფლების შესახებ. 1989 წლისათვის საქართველოს 8 რეგიონში (მესხეთის გარდა, სადაც ჩასახლების უფლება კვლავაც არ ჰქონდათ) 600-მდე რეპატრიანტი ცხოვრობდა. ერთ-ერთი ასეთი დასახლება, როგორც დასაწყისში ვთქვი, ჩვენს რაონში, კერძოდ იანეთის მე-9 უბანში მდებარეობს. დასახლება კომპაქტურია და დღეისათვის სულ 29 ოჯახს მოიცავს. მათ უმრავლესობას დაბრუნებული აქვს ქართული გვარები: ერისთავები, ჩხეიძეები, ბახტაძეები, აბულაძეები, აბაშიძეები, მამისაშვილები, ლაზიშვილები, ცაცანიძეები, ჭინჭარაძეები და ა.შ. _ აი ის გვარები, რომელთაც ისინი გამაჰმადიანებამდე და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ატარებენ.

   14059981_10210364605539632_1219816802_oროგორც უკვე აღვნიშნე ამ დასახლებაში მრავალი მეგობარი მყავს, მათთან ერთად მრავალ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა, ამდენად კარგად ვიცნობ, განსაკუთრებით ჩემი თანატოლების, ცნობიერების დონეს. მინდა ვთქვა, რომ მათი ეთნიკური ცნობიერება  მტკიცეა. ისინი საკმაოდ ამაყები არიან, როცა ამბობენ, რომ ქართველები არიან და საქართველოში ცხოვრობენ. ამაყნი არიან იმით, რომ მათმა წინაპრებმა, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებმა ქართველებმა, თავიანთი ტრაგიკული ცხოვრების სანაცვლოდ, დანარჩენი საქართველო შეინარჩუნეს. ამიტომ ისინი დიდი მონდომებით სწავლობენ მშობლიურ ქართულ ენას. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებენ პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში და საკმაოდ წარმატებითაც კი. მეგობრობენ რაიონის რამდენიმე სკოლის მოსწავლეებთან და მათთან ერთად მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ღონისძიებებში. აქტიურად არიან ჩართულნი საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. ქმნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს და თემის განვითარების თვალსაზრისით ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს. ერთი სიტყვით იანეთში მცხოვრებთა ინტეგრაცია საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დასახლებაში არსებული სკოლის საშუალებით შეისწავლეს ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, ქართული კულტურა და ტრადიციები, ქვაზე და ხეზე კვეთა, თექის დამუშავება და ქარგვა, სადაც მრავლად გვხვდება ქართული ჩუქურთმები და ორნამენტები. რომ არა მათი დიდი მონდომება, დაუბრუნდნენ ქართულ ფესვებს, ყველაფერ ამას ისინი ვერ ან არ შეისწავლიდნენ.

   რა თქმა უნდა ყველაფერი იდეალურად აქაც არ არის. მათაც იგივე ყოფითი პრობლემა აქვთ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას: უმუშევრობა და მატერიალური სიდუხჭირე, არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიც. ამას ემატება ისიც, რომ მოწყვეტილნი არიან სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ნათესავებს, რომელთაც ათწლეულების განმავლობაში ვერც კი ნახულობენ. მიუხედავად ამისა ისინი თავს მაინც ბედნიერად თვლიან, რომ აღსდგა ისტორიული სამართლიანობა და დღეს სამშობლოში ცხოვრობენ.

სამწუხაროდ საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა არც კი იცის მათი ისტორიული წარსული, არ იცნობს მათ მიერ განვლილ გზას და სრულიად უსამართლოდ მოიხსენიებენ ტერმინით ,,თურქი მესხი”, რაც რეპატრიანტებში აღშფოთებას იწვევს.14030596_10210364604219599_1907236910_n

   ტერმინის ,,თურქი მესხი” დამკვიდრება გასული საუკუნის 70-იან წლებში რუსული საინფორმაციო საშუალებებით მოხდა. ლავრენტი ჯანიაშვილი წერს: ,,თურქი მესხი _ ეს ტერმინი შედგება ორი ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთს გამორიცხავენ. თურქი არ შეიძლება იყოს მესხი, რადგან მესხების ტომი ეთნოგენეტიკურად ქართველური სამყაროს წევრია, თურქი კი _ თურქულ – თურქმენულის.’’

 

  სამომავლოდ მესხ მაჰმადიანთა ბედი ქართველთა აზროვნებასა და სიბრძნეზეა დამოკიდებული. მხოლოდ ძმური სითბოთი და სიყვარულით თუ შევძლებთ, ჩავახედოთ ისინი წარსულში და დავაბრუნოთ ისტორიულ სამშობლოში.

 

ავტორი: ბექა კაცაძე, სსიპ ქ. სამტრედიის N3 საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლე და                                    ამჟამად უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი.

 

კონსულტანტი: ისტორიკოსი კახა ბუაჩიძე

თემის ხელმძღვანელი: ლამზირა თევზაძე, სსიპ ქ. სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი    და                                    

                              ,,სოციალური ინკლიზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ კოორდინატორი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Comments
Austrian Development Cooperation
ვებ-გვერდი შექმნილია პროექტის „ჩემს შესახებ“ ფარგლებში. პროექტი ფინანსდება ავსტრიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ღია საზოგადოების ფონდის (საგანმანათლებლო პროგრამები, ბუდაპეშტი) მიერ. პროექტს ავსტრიაში კოორდინაციას უწევს Interkulturelles Zentrum Verein. პროექტს კოორდინირებას სომხეთში უწევს „იმედის ხიდი“, ხოლო პარტნიორი ორგანიზაცია არის „ორან“ . პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოში არიან კავშირი „ბერილუსი“, „ლიბერტა“ და „ბილიკი“.